თუ ჩვენი პატივცემული არსენა ოძელაშვილი კასპის დიდ კლდეში გადანახული 700 თუმნის შესახებ ანდერძით გიორგი კუჭატნელს არ აღადავებდა, მაშინ იგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ყოფილა მაშინდელ საქართველოში.

თავი რომ დავანებოთ ნიკოლოზ პირველის ოქროს თუმნიანის ნუმიზმატურ ღირებულებას, რაც ხშირად აუქციონებზე 100-150 000 დოლარად იყიდება, მაშინდელ ფასებზე თვალის ზერელე გადავლებით, 700 თუმანი დღევანდელ სულ მცირე $7 000 000 უდრის.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არსენა მდიდრებს ართმევდა, ღარიბებს აძლევდა და ამ საშუამავლო საქმიანობისთვის მხოლოდ გარკვეულ საკომისიებს იტოვებდა, როგორც ჩანს, იმდროინდელი საქართველო ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდა, მდიდრებიც მრავლად უნდა ყოფილიყვნენ, თორემ 700 თუმანს ატთს და თუნდაც 50 ადამიანს ვერ წაართმევდი.

როგორც ჩანს, სრული სიმართლეა ისიც, რომ არსენა მხოლოდ მდიდრებს ძარცვავდა, რადგან როცა ამდენი მდიდარი ადამიანი დაპრატუნობდა წინ და უკან, მაგარი სისულელე იქნებოდა დროის კარგვა ღარიბების ძარცვაზე, რომელთაც ოქროს თუმნიანი კი არა, შაურიანი არ ექნებოდათ თვალით ნანახი.

იმის გავითვალისწინებთ, რომ არსენამ ბოლო დანაზოგიც კი საქველმოქმედო მიზნებისთვის მიმართა და ღარიბებს დაურიგეთო დაიბარა, სავარაუდოდ მას სიცოცხლეშივე ორჯერ და სამჯერ მეტი თანხა ექნებოდა მდიდრებისგან ამოღებული და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის გადაცემული.

ასე რომ, არსენა უბრალოდ ყაჩაღი კი არ ყოფილა, არამედ იგი წარმოადგენდა ბიზნესმენებისთვის დაწესებულ სპეციალური გადასახადის ფორმას, რითაც ივსებოდა სოციალურად დაუცველთა დახმარების ფონდი.

თუმნიანები ხომ გზაზე ეყარა და ციხე როგორი ჰქონდათ, არ იკითხავთ?!

"ნარიყალას ციხის კარი
გაუღეს და შეაგდესა,
შვიდი კვირა, შვიდი ღამე
იმ ციხეში ამყოფესა,
საციმბიროდ გაამწესეს,
ცალი წვერი მოპარსესა.
მაშინა თქვა არსენამა:
- ვაი, დედიჩემის ღმერთსა!
მე რომ ამ ციხეში მოვკვდე,
ბიჭობას ვინ დამიგდებსა?
იმ აფიცრებს შეეხვეწა:
- იმ თქვენი დედ-მამის მზესა,
აბანოში ნაჩვევი ვარ,
ტანზე ჭუჭყი მაწუხებსა,
წამიყვანეთ აბანოში,
მისი დარდი არ გამყვესა.
წაიყვანეს აბანოში,
ყარაულები მისდევსა."

მოკლედ, აფიცრებს თუ შეეხვეწებოდი, აბანოში ნაჩვევი ვარო, წამიყვანეთო, წაგიყვანდნენ. ასეთი დროც იყო! სამაგიეროდ დემოკრატია არ იყო!