***

ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,
ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია…
მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია…
მაგრამ… გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
მე არ ვიცი რატომ… არც შენ იცი, რათა,
ჩემო მაგნოლია?
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგვყოლია…
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,
ჩემო მაგნოლია!
/ანა კალანდაძე/