გურამ ოდიშარია – ნიკა მემანიშვილის გათავისუფლება არავის უნდა

14:49 10-06-2013
კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გამოვლენილი დარღვევების შესახებ დეტალურად არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნული შესწავლის საგანია. "ჯერჯერობით შესწავლის პროცესი მიმდინარეობს. კიდევ ვაანალიზებთ და ვსწავლობთ, აქედან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განუცხადა გურამ ოდიშარიამ ჟურნალისტებს საკითხზე კომენტირებისას, რამდენად აპირებს უწყება ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გამოვლენილი დარღვევების თაობაზე პროკურატურას მიმართოს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცენტრის ხელმძღვანელობიდან მემანიშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილება, კულტურის მინისტრი აღნიშნულს არ ადასტურებს და განმარტავს, რომ მათი მიზანი არა ნიკა მემანიშვილის მოხსნა, არამედ მისთვის ცენტრში არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარებაა.
"ჩვენ არ გვაქვს უფლება ასეთი მნიშვნელობის მუსიკალური ცენტრი დავტოვოთ რაიმე კითხვის ქვეშ, შეფერხდეს მისი მუშაობა ნებისმიერი მიზეზით. ამიტომ მოვალე ვართ გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს ორკესტს და მის თითოეულ მუშაკს, რომ უკეთესი გახდეს. საკითხი არ დგას ისე, რომ ნიკა მემანიშვილის გადაყენება ვინმეს უნდა. არც სხვა კანდიდატურის შესახებ მსმენია. ერთადერთი, მემანიშვილის საწინააღმდეგოდ წლის დასაწყისში ჩვენთან 33 ადამიანის საჩივარი შემოვიდა, რომლებიც სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებული. მე ახლაც მიმაჩნია, რომ მათი გაშვება იყო შეცდომა და ნიკას უნდა სცოდნოდა, რომ 33 ადამიანის ერთბაშად გათავისუფლება პროტესტს გამოიწვევდა. მას უნდა ჰყოლოდა ისეთი კაცი _ ცხოვრებაგამოვლილი და მცოდნე, ვინც ურჩევდა, რომ სხვაგვარად მოქცეულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ძალიან ნიჭიერი კაცია, არსებობს ადმინისტრაციული საკითხები, მართვის სისტემა, მართვის სტილი, შეცდომები მართვაში. ჩვენ ვცდილობთ სწორედ ეს შეცდომები გამოვასწორებინოთ მას, ამიტომაც შეიქმნა სამხატვრო საბჭო, რომლის შემადგენლობაც, ერთი თვის წინ, სწორედ ნიკა მემანიშვილთან შეთანხმებით დაკომპლექტდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ცენტრის შემოქმედებითი საქმიანობა არ შეფერხდეს", - განაცხად ოდიშარიამ.
ამასთან, მინისტრი სამხატვრო საბჭოს წევრობაზე გია ყანჩელისთვის უარის თქმასაც გამოეხმაურა და აღნიშნულის მიზეზი განმარტა.
"ჩვენ თავიდანვე ვფიქრობდით ბატონ გიაზე, მაგრამ ერთი მიზეზით შევიკავეთ თავი – ის ჩვენი სახელოვანი შემოქმედია და ხშირადაა საზღვარგარეთ, საბჭოს წევრებს კი ხშირად ინტენსიური შეხვედრები უწევთ. ამ შემთხვევაში ელექტრონული კავშირი არ იქნებოდა ეფექტური, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და ისეთი პიროვნება, როგორიცააა გია ყანჩელი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კულტურის მინიტრმა.