გუშინ საღამოს დავბრუნდი ჯავახეთიდან. დღეს, დილით დავრეკე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცხელ ხაზზე და ვეკითხები ოპერატორს, არის თუ არა ღია ფარავნის უღელტეხილი. ვიდრე ჯავახეთში წავიდოდი ბორჯომ–ახალციხის გავლით, ორი დღის წინ, მაშინაც დავრეკე. პასუხი იგივე იყო – დაკეტილია. მოძრაობა აკრძალულია.

 

ამის შემდეგ მივმართე გზების დეპარტამენტის პრესსამსახურს. მესაუბრა ვინმე ანა (გვარი არ მახსოვს).

 

ფარავნის უღელტეხილი არის ღია, გზაც გაწმენდილია, გუშინ ვიმგზავრე და რატომ აძლევთ ცხელ ხაზზე მომხმარებლებს არასწორ ინფორმაციას? – ვკითხე მე.

 

"გავარკვევ და დაგირეკავთ", – მპასუხობს ანა.

 

როდის დამირეკავთ, – ტრადიციულად ვეკითხები მე. ჟურნალისტები ვინც ხართ, გამიგებთ რატომაც.

 

15 წუთში – მპასუხობს ანა.

 

მართლაც დამირეკა და მითხრა, რომ დამალაპარაკებს კომპეტენტურ პირს, რომელიც მიპასუხებს კითხვებზე.

 

ამ კომპეტენტურ პირს ვინაობა ვკითხე – გამეცნო ამირან უშხვანად – ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი ვარო. ფარავნის უღელტეხილი იმიტომ გვაქვს ჩაკეტილი, რომ საშიშია იქ მოძრაობა, შეიძლება უცებ ატყდეს ქარბუქი და ტრაგედია დატრიალდესო. ეგრე გვაქვს დაკეტილი გოდერძის უღელტეხილიც ზამთარში და გაზაფხულზე გავხსნით ხოლმეო.

 

კი, მაგრამ, ფარავნის უღელტეხილზე გზა გაწმენდილია, ავტომობილებიც მოძრაობენ და ასეთი საშიშროება თუ არის, ეს ხალხი ხომ მაინც რისკის ქვეშ არის მეთქი.

 

ჩვენ გზას ვწმენდთ ფოკადან და მიმდებარე სოფლებიდან ნინოწმინდამდე, ხალხმა რომ იმოძრაოსო.

 

ისევ შევუბრუნე კითხვა – უღელტეხილიც გაწმენდილია, ფოკადან წალკამდეც ღიაა და გაწმენდილი გზა და ერთი კვირაა ავტომობილები შეუფერხებლად მოძრაობენ მეთქი.

 

გაბრაზდა და ხმას აუწია. ამდენ კითხვას რატომ გაქვსო.

 

პასუხი ხომ უნდა მივიღო, თქვენ სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი ხართ, მითუფრო თქვენთან მე არ დამირეკავს, პრესსამსახურის შუამავლობით გესაუბრებით და თუ შეიძლება ხმას დაუწიეთ მეთქი (ყვიროდა უკვე).

 

ამის თქმა იყო და – უყურე შენ ამას, ვინ არის ეს მოცლილი რომ ამდენი კითხვის დასმას ბედავს ეს მაიიმუნიო და ტელეფონი გათიშა.

 

ამის შემდეგ ვრეკავ ანასთან – პრესსამსახურის თანამშრომელთან, იგივე ნომერზე, რომლითაც ეს უშხვანი დამალაპარაკეს, აღარ მპასუხობს. ვრეკავ საავტომობილო გზების დეპარტამენტში და პრესსამსახურის ხელმძღვანელს ვკითხულობ. თამარ ჯაფარიძე ვარო – მოვუყევი ამბავი ("რიჟა ბაზრის" და "მაიმუნის" ჩათვლით). გაიცინა. რაღა უნდა მეთქვა, სად დალაგდნენ ასე ერთად მეთქი – გავიფიქრე.

 

ვრეკავ ინფრასტრუქტურის სამინისტროში – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გააუქმებია ახალ მინისტრს.

 

გაგრძელება იქნება. იმ მოხელემ არ იცოდა ალბათ როგორი "მაიმუნიც" ვარ