გაგიკვირდებათ, და ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, ვინც ვასიკო მაღლაფერიძის დანიშვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საზმაუ მთლიანად ხელისუფლების კონტროლქვეშ გადავაო, "Время"-ს დაბრუნებას "ელოდებიან" და ამით "გვაშინებენ".
მესმის იმიტომ, რომ ვიცი ამ ხალხის საკმაოდ დიდ ნაწილს საზმაუ სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. მათი რეალური სამიზნე არა მაღლაფერიძე, ან ხელისუფლება, არამედ ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ ნაცების გარდა ამის ხმამაღლა თქმას ვერ ბედავენ, ხოლო გარკვეული ნაწილი კი დაკარგულს თბილ ადგილს მისტირის და საკუთარი მერკანტელური ინტერესების შეყევას "სტვენის სურვილით" (კრეატიულობის გამოხატვა, ოღონდ მხოლოდ სიტყვიერად) და ქვეყნის ბიუჯეტზე "ზრუნვით" ფუთავენ.
გავიმეორებ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფეხებზე ჰკიდიათ, რადგანაც ყველამ იცის თუ რა ჭაობი იყო ჩვენგან დაფინანსებულ ტელევიზიაში, მაგრამ ამ მზრუნველი და ქვეყნის მოამაგე ხალხისგან, არამც თუ ერთი სიტყვა, შორისდებულიც კი არ გაგვიგია.
რაც შეეხება არხის დამოუკიდებლობას, დავსვამ ელემენტარულ შეკითხვას: - როგორი იქნება შეზღუდვის მექანიზმი?
ჯერ მაღლაფერიძეს დაიბარებენ იქ, ზევით და გაწერილ გეგმას მისცემენ და მერე დირექტორი ამ გეგმას მათრახის გამოყენებით გააცნობს თანამშრომლებს?
ასევე საინტერესოა, თუ რა უნდა შეზღუდოს ახალმა დირექტორმა? რა ხდებოდა ამდენი წლების მანძილზე ისეთი, რომ ხელისუფლებას შიშები გაუჩინა?
თუ ხელისუფლებას მონა საზოგადოებრივი მაუწყებელი სჭირდებოდა, იმაზე უკეთეს ბორდს და იმ სიტუაციას, რაც ჯერჯერობით არის ვერც ინატრებდა.
და ბოლო შეკითხვა: - ტელევიზია რომ დამოუკიდებელი იყოს, მაინცადამაინც ნიკა გვარამია უნდა ჰყავდეს დირექტორად, თუ ნაცმოძრაობიდან კონტროლირებადი და აგრესიულად ფსევდოლიბერალური აზროვნების ტიპისთვის უნდა მიგვეცა 40 მილიონი?