Nino Tarkhnishvili რომ გვყავს, გემრიელად და რაკრაკით რომ წერს, ამ დილით ამბავი მომწერა, ერთდროულად გამოდგება წინასაახალწლო განწყობის ასამაღლებლად, გულის ასაჩვილებლად და იმის დასტურად, რომ "ქვეყნად არარა არ იკარგება, ჩვენ გვავიწყდება მხოლოდ..."
მოკლედ, ამბავი ასეთია: ბავშვთა სახლში წინასაახალწლო საჩუქრები უნდა დაერიგებინათ, წინასწარ ჩამოწერეს ბავშვებმა, ვის რა უნდოდა.
ერთადერთმა ბავშვმა, თუ არ ვცდები, 13 წლის გოგომ ითხოვა წიგნი - პოეტ თემურ ელიავას კრებული.
ჩავერთეთ ყველა ამ კრებულის ძებნაში, დავადგინეთ, რომ თემური ზუგდიდშია, სიცხიანი(თორემ სულაც თავად მივიდოდა იმ ბავშვთან და გაახარებდა), წიგნი კი იმდენად მცირე ტირაჟით გამოვიდა, რომ თვითონაც არა აქვს, რომ გაუგზავნოს.
ამასობაში, სანამ ამ რამეებს ვარკვევდით, ნინო მწერს, რომ დაადგნენ "პეგასს", სადაც ეს კრებული გამოიცა და, ბუნებრივია, გამომცემლობამ ეს კრებული საჩუქრად გაუგზავნა იმ ბავშვს...
აი, წარმოვიდგინე, რომ ვწერ. და 13 წლის გოგომ ბავშვთა სახლიდან, საახალწლოდ ჩემი კრებული ინატრა...
ვერ გადმოვცემ სიტყვებით, რაც დამემართებოდა...
ამიჩუყდა გული და მოვიტანე ამბავი თქვენამდეც.
გმადლობ, ნინო.