ჩვენ, დაწყებული 90-იანი წლებიდან ვართ უღატაკესი ქვეყანა.
ჩვენ ვართ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში.
ჩვენ 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე მთავრობებს ვუკვეთავდით ერთმანეთის მიმართ ვენდეტას. ისინიც ამ ყველაფერს იყენებდნენ საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად. . არც ჩვენ და არცერთი ხელისუფლება არ ზრუნავდა, მაქსიმალურად გამოგვეყენებინა საქართველოს უმთავრესი რესურსი.
გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ არც ნავთობის და არც გაზის საბადოები გვაქვს. ანუ არ გვაქვს საშუალება მივიღოთ მუქთა ეკონომიკური ბენეფიტები, რაც ჩემი აზრით უფრო კარგი მოვლენაა, ვიდრე ცუდი, ერთადერთი რესურსი, რომ ეკონომიკურად განვვითარდეთ არის დემოკრატია და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. . დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით დღევანდელმა ხელისუფლებამ, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილმა ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა და არა მხოლოდ ჩემს, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნები მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე ამას ცხადყოფენ. ახლა ოთხი წლის შემდეგ, ისლანდიაში და დანიაში რომ ვერ გავიღვიძებდით, ეს ისედაც თავიდანვე ნათელი იყო, მაგრამ ხელისუფლებას რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივ და ეკონომიკურ სივრცეში თავისუფალი და კონკურენტული გარემო შექმნილიყო.
მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვრჩებით უღატაკეს სახელმწიფოდ, სადაც ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ან შიმშილობს, ან შიმშილის ზღვარზეა.
როგორც წესი, ასეთი დემოკრატიული გარემოთი და იმავდროულად სიდუხჭირით სარგებლობს ბევრი დემაგოგი და პოპულისტი, რომელიც ათასნაირი პიარტექნოლოგიის გამოყენებით შეეცდება სიღატაკეში მყოფი ადამიანის გულის მოგებას და მისი ცხოვრების კიდევ უფრო დამძიმებას ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდის გამოყენებით.
იმისთვის, რომ ჩვენ, საზოგადოება გამოვიდეთ ამ ძალიან რთული მდგომარეობიდან, აუცილებელია ხელისუფლებამ გადადგას გამბედავი და უკვე სარისკო ეკონომიკური ნაბიჯებიც კი.
ძლივს, როგორც იქნა ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა თანდათანობით თავი დააღწიეს ხშირ შემთხვევაში ქვეყნისთვის არაფრის მომცემ დისკურს, რომელშიც მათ საზოგადოება და პოლიტიკური ოპონენტები ითრევდნენ.
ახლა, როდესაც ხელისუფლებამ აიღო მთელი ძალაუფლება ხელში და გაიზრა, რომ ის საზოგადოების პირისპირ დარჩა, როგორც იქნა დაიწყო სერიოზული, გამბედავი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რაც თავისთავად რისკების შემცველი არის.
საქმე ძირითადად ეხება ე.წ. "ესტონურ მოდელს", ასევე მთლიანობაში ერთიან პაკეტს, რომელშიც სხვადასხვა ეკონომიკური რეფორმები შედის, რომელზეც, როგორც მე ვიცი ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა რასაც ჰქვია ტვინი დაანთხიეს, ღამეები ათენეს, სხვადასხვა პარტნიორებთან/მრჩევლებთან კონსულტაციები გაიარეს და ისე მიიღეს ამ რეფორმის გატარების გადაწყვეტილება.
ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია მწიფდებოდა და მისი განხორციელება დაიგეგმა არჩევნების შემდეგ, ახალი საბიუჯეტო წლიდან. რაც ხდება კიდეც.
"ესტონურ მოდელზე" აქ ბევრს აღარ დავწერ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი; ილოცეთ ყველამ, რომ გაამართლოს, ილოცეთ, ასევე რომ სხვა რეფორმებმა, ისეთი როგორიცაა ფისკალური სისტემის დედოლარიზაცია, სხვადასხვა გადასახადის დაწესება/გაზრდა იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული ნახევარი მილიარდის კონპესაცია მოხდეს და საერთოდ აკონომიკურმა რეფორმების პაკეტმა გაამართლოს. იმიტომ რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ამას მხოლოდ ხელისუფლება კი არ გადაყვება, მოყვება უმძიმესი შედეგი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
გიორგი კვირიკაშვილმა თავისი დამახასიათებელი სიდინჯით და კეთილშობილური რიტორიკით პარლამენტში დასკვნით სიტყვაში ახსენა დავით აღმაშენებლის სიტყვები დიდგორის ბრძოლის წინ ნათქვამი, რომ "ჩვენ ყველა უკან დასახევი გზა გვაქვს ჩახერგილი".
ზოგიერთისგან განსხვავებით კვირიკაშვილი პოპულისტი ნამდვილად არა არის და მან ეს სიტყვები თქვა სრულიად გააზრებულად, იმიტომ რომ მართლა აღარ გვაქვს უკან დასახევი და კარგია, რომ ამას ქვეყნის მმართველები აცნობიერებენ.
ახლა არის მომენტი, როდესაც ყველამ უნდა გადადოს თავისი ამბიცია გვერდით, მოეშვას პოპულიზმს და ხელისუფლება აკრიტიკოს არა თავისი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ამ ქვეყნის გულშემატკივრის პოზიციიდან.
P.S
ლოცვის დროს ღმერთს მაინცდამაინც ტერმინ - "ესტონურ მოდელს" ნუ უხსენებთ…