მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთ ცალკეულ მეგობარს, ვინც, როგორც ბევრი მხრიდან მესმის, დღემდე ვერ შეგუებია აზრს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში შეიძლება ისევ შევასრულო მნიშვნელოვანი როლი.
ბატონებო და ქალბატონებო, მეგობრებო, არანაირი გადაწყვეტილება ჯერ თავადაც არ მიმიღია, თორემ გეტყოდით აუცილებლად. ამის გარდა, მე ხომ არ ვიცი, რა ფორმით ჩაატარებთ ყრილობას და რამდენად გახსნილები იქნებით ახალი ლიდერების მიმართ, რამდენად მართლა მოიწადინებთ, რომ მტკიცე უარი თქვათ კლანურ მმართველობაზე და უბრალოდ ერთი კლანის მეორეთი ჩანაცვლებას არ ეცდებით... თქვენ იცით, რომ მეც ვიცი, რომ მხოლოდ ერთი კლანის დამარცხება იდეის გამარჯვება ნამდვილად არ არის. ამიტომ, ნუ ინერვიულებთ და ნუ იმსჯელებთ თქვენც ნომენკლატურულად. ვფიქრობ, ჩემს შესახებ ის მაინც იცით, რომ სახლში წასაღებად არ მინდა არაფერი და თუ რამეს ვაკეთებ, მხოლოდ საერთო საქმისთვის. ზოგადად, ხალხს და ამომრჩეველს ვკითხოთ ყველაფერი. კლანური აზროვნება უნდა დაინგრეს და ეს თითოეული თქვენგანის აქტიური მონაწილეობით უნდა გავაკეთოთ. სხვაგვარად ამ პარტიულ კინკლაობას არანაირი აზრი არ აქვს.
ძალიან გთხოვთ, ნუ გამოაბამთ კუდებს ამ პოსტს. მართლაც ჯერ არაფერი გადამიწყვეტია და მხოლოდ იმედის თვალით გიყურებთ, რომ იქნებ ამჯერად მაინც შეძლოთ უკეთესი კოორდინაცია და საერთო მიზნისთვის ერთად დადგომა. მე სად ვიქნები, არ არის მნიშვნელოვანი. ახლა მთავარია, სად იქნებით თქვენ ყველა ერთად.